ხათუნა სამნიძე - რომელ ფრაქციაში ვიქნები ან სად შეიძლება იყოს „რესპუბლიკური პარტია“, ეს დამოკიდებულია ფრაქციის მიზნებზე
ხათუნა სამნიძე - რომელ ფრაქციაში ვიქნები ან სად შეიძლება იყოს „რესპუბლიკური პარტია“, ეს დამოკიდებულია ფრაქციის მიზნებზე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციური ფრაქციის შექმნას მიესალმება.

„ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შეიქმნება ფრაქციები. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ფრაქციების ინსტრუმენტად გამოყენება – მეტი დრო იქნება თუ სხვა, ხელს შეუწყობს „ქართული ოცნებისთვის“ მაქსიმალურად ოპონირების გაწევას. მათ სერიოზული მუშაობა მოუწევთ, რათა საკუთარ ამომრჩეველს აჩვენონ, მათთვის ხმის მიცემა ღირს თუ არა“, – აღნიშნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხთან.

მისივე თქმით, თავად რომელ ფრაქციაში იქნება, ეს დამოკიდებულია ფრაქციის მიზნებზე.

„რაც შეეხება ფრაქციის საკითხს, მე „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოვადგენ, პარტიას კიდევ ერთი მანდატი აქვს, პარლამენტში თამარ კორძაია უნდა შემოვიდეს და მის გადაწყვეტილებას ველოდები. რომელ ფრაქციაში ვიქნები ან სად შეიძლება იყოს „რესპუბლიკური პარტია“, ეს დამოკიდებულია ფრაქციის მიზნებზე“, – განმარტა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეიძლება იყოთ ფრაქციაში?“, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ მათთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, მაგრამ ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

„მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ფრაქციაში ასახული, ვერ გეტყვით, ამაზე არ გვისაუბრია“, – დასძინა ხათუნა სამნიძემ.

„ლელო“ პარლამენტში ქმნის ფრაქციას, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან.