ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია“ შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს, არ ვიზიარებ პოზიციას, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი
არ ვფიქრობ, რომ ასეთ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვთქვათ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციას გეგმავს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციაა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ.
„ვგეგმავ, საკუთარი დღის წესრიგით მივიდე და სპიკერს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარება და თუ ხელისუფლება თვლის, რომ ერთ-ერთი ნაბიჯია ოპოზიციასთან საუბარი, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი. ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. პარლამენტში მუშაობა საუბარს ნიშნავს და თუ ვერ ვთანხმდებით, საზოგადოებისთვის ამის შესახებ პოზიციების ღიად გაცნობა უნდა მოხდეს.
შეხვედრამდე იმის თქმა, რომ აზრი არ აქვს, არ ვიზიარებ. ასჯერ თუ ვცადეთ და „ქართული ოცნება“ არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უნდა ვცადოთ ორასჯერაც და სამასჯერაც“,- განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ ჯგუფშიც არის აზრთა სხვადასხვაობა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეხვედრას არ ესწრება კონკრეტული მიზეზების გამო, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პოლიტიკა არის საუბარი და თუ საუბრის შემდეგ ვერ შედგა შეთანხმება, ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა, რატომ არ დგამს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს. არ ვიზიარებ პოზიციას, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს. თუ არაფერს აქვს აზრი, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი“,- განაცხადა სამნიძემ.