ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროცესი დააზიანოს ამნისტიის კანონის იმ ვერსიით, რომელიც შემოგვთავაზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც მიდის
„ქართული ოცნება“ ცდილობს, პროცესი დააზიანოს ამნისტიის კანონის იმ ვერსიით, რომელიც შემოგვთავაზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც მიდის, – ასე უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანის შეკითხვას, გაიჭედა თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების პროცესი.
„არც ვადები დაირღვევა, რადგან პარალელურ რეჟიმში უკვე შეთანხმებული ვართ, რომ ამნისტიის პროცესთან ერთად ვმუშაობთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, როგორც მიშელის დოკუმენტში წერია“, – განაცხადა სამნიძემ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა პროცესი გაჭედილი მელიას საკანში და ვის ვყავართ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ პროცესს კარგად დავაკვირდებით, ძირითადი პრობლემა „ქართულ ოცნებაშია“.
„ქართული ოცნება“ პროცესს ადეკვატურად არ აღიქვამს. როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ამნისტიაზე შევთანხმდით; სხვადასხვა პროექტია, მაგრამ ამ დროს, „ქართული ოცნება“ სრულიად მოულოდნელად, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ წერს, რომ ნიკა მელიას წინასწარი თანხმობის გარეშე არ გაათავისუფლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მთელი ეს პროცესი დააზიანოს და პასუხისმგებლობა აჰკიდოს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიკა მელიას. წინასწარ იცის რა, რომ ნიკა მელიას ამნისტია არ მოსწონს და არ უნდა, ამის ნაწილი იყოს, ხელისუფლება ცდილობს, წინასწარ ისევ გადააბრალოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სამნიძემ.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ნიკა მელია ევროკავშირის შემოთავაზების მიღებაზე თანახმაა და ამ თემაზე ადვოკატები მუშაობენ.
„იმედი მაქვს, მას ისევ მკაფიო პოზიცია ექნება, ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლდება, ამ პროცესში ჩაერთვება და თავის პარტიასთან კონსულტაციებით, გაანალიზებითა და საუბრებით ამ დოკუმენტის ხელმომწერი გახდება“, – განაცხადა სამნიძემ.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ყველა ჯერზე, როცა „ქართული ოცნება“ ეცდება, შეთანხმების სულისკვეთების წინააღმდეგ წავიდეს და პროცესს გადაუხვიოს, დასავლელი პარტნიორებისგან მკაფიო პასუხს მიიღებს.