ხათუნა სამნიძე - ოპოზიციურ ერთობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, განვაგრძობთ იმ გზაზე სვლას, რომელიც არჩეული გვაქვს
საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ძირითადად გრიგოლ ვაშაძის წვლილია, რომ შეძლო კარი გაეღო სხვა პარტიებისთვის და იმ იმიჯის შეცვლა მოახერხა, რაც ჰქონდა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„გრიგოლ ვაშაძე იყო არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე, არამედ ბლოკის თავმჯდომარე და ბუნებრივია, მე მასთან მქონდა ურთიერთობა როგორც ბლოკის ხელმძღვანელთან, რომლის ნაწილიც არის „რესპუბლიკური პარტია“ და რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიპოვეთ ორი მანდატი. არ იყო ჩემთვის მოსალოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე ამ განცხადებას გააკეთებდა, მას ძალიან სერიოზული წვლილი მიუძღვის ბლოკის შექმნაში.
გარდა ამისა, ჩვენ ერთად და მისი წვლილი ამაში ძალიან სერიოზულია, შევძელით მტრის ხატზე აგებული პოლიტიკის დამარცხება და შეცვლა, რამაც, გამოჩნდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იმუშავა და მეტი ამომრჩეველი გაუჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე „რა შეიძლება შეცვალოს გრიგოლ ვაშაძის წასვლამ თავად ოპოზიციის შიგნით, ხომ არ შეუქმნის ამ ერთობას საფრთხეს“, სამნიძემ განაცხადა, რომ ერთობას არავითარი საფრთხე არ შეექმნება.
„არ ვამბობ, რომ ეს არის გადამწყვეტი როლი, მე ვამბობ, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისში და რაც შეეხება ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, ის ისევ გრძელდება. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც არა მხოლოდ ბლოკის პარტიები არიან ერთად, მთელი ოპოზიციაა გაერთიანებული და ერთიანი პოზიციები გვაქვს როგორც ბოიკოტთან დაკავშირებით, ასევე მანდატებთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისიდან გამოსასვლელად.
როდესაც უკვე ვიცით, რომ გრიგოლ ვაშაძე აღარ წარმოადგენს ბლოკს, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების დროს წარვადგინოთ კანდიდატი, რომელიც ასევე ღირსეულად და მნიშვნელოვან როლს შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში. არავითარი საფრთხე არ ექნება ერთობას. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მას აქვს, სერიოზული გამოცდილება, მით უმეტეს მოლაპარაკებების პროცესში მისი გამოცდილება, დიპლომატიური ბეგრაუნდი, რა თქმა უნდა იყო დიდი პლუსი ბლოკისთვის, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის ოპოზიციურ ერთობას და ჩვენ გავაგრძელებთ ისევ იმ გზაზე სვლას, რომელიც არჩეული გვაქვს, რაც ნიშნავს ბოიკოტს, რაც ნიშნავს ამ მოლაპრაკებებში შეთანხმების მიღწევას, იმგვარად, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.