ხათუნა სამნიძე - მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვის, მსჯელობის გარეშე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას
მნიშვნელოვანია, არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვისა და მსჯელობის გარეშე, დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძის თქმით, დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის ხმათა რაოდენობის გაზრდა ვითარებას შეცვლის.
„ნიკა მელიას იმუნიტეტის კადრების მოხსნამ და ფაქტმა ისეთი შემზარავი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი საკითხი იყო კვორუმის აწევა იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე. ეს წერია კიდეც შარლ მიშელის დოკუმენტში. მნიშვნელოვანია, არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვისა და მსჯელობის გარეშე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას. საკითხი რომ ასეთ მაღალ რანგში გადავიდა მოლაპარაკებების პროცესში, ეს შეცვლის ვითარებას. 90 ხმა განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე, პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.