ხათუნა სამნიძე - მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია, საქართველოში რომ იყოს, დაველაპარაკებოდი
პარლამენტში ჩვენი ერთად მუშაობა იმას არ ნიშნავს, რომ მურმან დუმბაძემ თავისი შეხედულებები უნდა შეიცვალოს და ისევ „რესპუბლიკურ პარტიაში“ დაბრუნდეს, ან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და ის ისევ მიიღოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„პოზიცია არ შეუცვლია არც მურმან დუმბაძეს, არც „რესპუბლიკურ პარტიას“ და ბლოკში არიან პარტიები, რომლებსაც ლიბერალურისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ, მაგრამ პოლიტიკა არ ნიშნავს, ვინმე მძულდეს, მეზიზღებოდეს, ან მიყვარდეს. ეს არის პარტნიორობა და საერთო ინტერესების ირგვლივ სხვადასხვა პარტიების გაერთიანება. ჩვენი საარჩევნო ბლოკი და მომავალში პარლამენტში ერთად მუშაობა იმას არ ნიშნავს, რომ მურმან დუმბაძემ თავისი შეხედულებები უნდა შეიცვალოს და ისევ „რესპუბლიკურ პარტიაში“ უნდა დაბრუნდეს, ან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და ის ისევ უნდა მიიღოს“, – განაცხადა სამნიძემ.
ამ განცხადებით ხათუნა სამნიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სად არის „რესპუბლიკური პარტიის“ პრინციპები და ღირებულებები მაშინ, როცა პარტიამ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებისთვის თავისი რიგებიდან გარიცხა მურმან დუმბაძე, რომელიც ახლა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად ერთ საარჩევნო ბლოკშია.
როგორც სამნიაძემ აღნიშნა, ყველა საკუთარ პოზიციაზე რჩება და მთავარია, როცა საარჩევნო ბლოკი და კოალიციაა, ყველა პარტიამ შეძლოს, დიალოგის რეჟიმში ნახოს გადაკვეთის წერტილი.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რაზეა დამყარებული მათი კოალიცია, რადგან კოალიცია ან ადამიანებზე უნდა იყოს დამყარებული, ან ღირებულებებზე, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ კოალიცია არის პარტიების გაერთიანება, სადაც თითოეულ პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი და ეს პარტიები თანხმდებიან, ვინ რამდენს მიაღწიოს საკუთარ დღის წესრიგში.
„პარტიები თანხმდებიან ამ გადაკვეთის წერტილებზე და ასევე, წითელ ხაზებზე. ეს არის კოალიციური მმართველობა. ჩვენს ქვეყანას კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ აქვს“, – განაცხადა სამნიძემ.
შეკითხვაზე, როგორ ესაუბრება წითელ ხაზებზე მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც წითელ ხაზებზე შეთანხმების გამოცდილება არ აქვს და ჰქონია თუ არა მასთან ცხოველი კონტაქტი, საიდანაც დარწმუნდა, რომ მასში რაღაც შეიცვალა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, კონტაქტი აქვს პარტიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ ვაშაძესთან და ყველა საკითხს მასთან გადის.
„მე, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ვესაუბრები პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს. ამ პარტიასთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია, საქართველოში არ არის, თორემ აქ რომ იყოს, დაველაპარაკებოდი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.