ხათუნა სამნიძე - მე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი რეიტინგი დაბალია
მე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი რეიტინგი დაბალია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღირებულებითი პარტია. ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი“, – განაცხადა სამნიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, კოალიცია შეიქმნას ყველაზე მრავალრიცხოვანი ელექტორატის მქონე „ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე სხვა პარტიის შემადგენლობით, რომელთა რეიტინგი ერთ პროცენტს ვერ სცდება და რამდენად ბუნებრივია ეს მოცემულობა კოალიციისთვის, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა რეიტინგი აქვს.
„დღეს არც ერთ პარტიას და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომ მთავრობა ერთპარტიულად შექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება საერთო სია, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისე სხვა პარტიის წარმომადგენლები. მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა რეიტინგი აქვს. მე, როგორც ტრადიციულ პარტიას, ახლა დაბალი რეიტინგი მაქვს. ვიცით, რამდენიც არის რეიტინგი და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე, როგორც პარტიას, არ შემიძლია, ჩემი მანდატის ფარგლებში, მთავრობის ფორმირებაში და საპარლამენტო მუშაობაში ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო, მრავალრიცხოვან პარტიას რამეთი ჩამოვუვარდე“, – განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მინუსი და შეცდომა იყო ის, რომ ერთპარტიულად მართავდა და ხელისუფლება საერთოდ არ გაუყვია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოედგინა, რომ რომელიმე სხვა პარტიასთან ითანამშრომლებდა, არათუ სხვა პარტიასთან, ის ძალიან აგრესიული იყო ოპოზიციური პარტიების მიმართაც. ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ უსაუბრია როგორც პარტიის ლიდერს, ასევე სხვა ლიდერებსაც პარტიაში. დღეს მან პირველი ნაბიჯები გადადგა და თქვა – მე არ ვეთანხმები ერთპარტიულ მმართველობას, ამას ჩემი საქმით ვადასტურებ, სხვა პარტიებს ვიწვევ საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად და პარლამენტშიც ვითანამშრომლებ სხვა პარტიებთანო“, – განაცხადა სამნიძემ.
სამნიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც კოალიციური მთავრობისთვის ოთხი-ხუთი პარტია საკმარისი არ იქნება და მთავრობის ფორმირებას უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დასჭირდება.