ხათუნა სამნიძე - სასამართლო კლანი ცდილობს, მოასწროს ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს
როგორც ჩანს, სასამართლო კლანისთვის სულ ერთია, მთელი ექვსთვიანი პროცესი რით დასრულდა, სულ ერთია საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მოწოდება, რომ პროცესი შეჩერდეს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, „კლანი ცდილობს, პროცესის დაჩქარებით მოასწრონ ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომ ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს საკუთარი და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.
„მათ რომ ქვეყნის ინტერესები ადარდებდეთ და რეფორმას ელოდებოდენ, პროცესს ასე არ წაიყვანდნენ. ჩვენი ექვსთვიანი მძიმე პროცესის შემდეგ შევთანხმდით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც მკაფიოდ ჩაიწერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა ქვეყანაში და საჭიროა ამის ფუნდამენტური ცვლილება. მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა დღეს. ამის გამოსასწორებლად საჭიროა პროცესის შეჩერება, რეფორმების დაწყება. ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც ისინი ასახელებენ, რომ პარალიზდება სისტემა, არ არის სწორი, რადგან შეიძლება ამის სამართლებრივად სწრაფად გასწორება ისე, რომ არავითარი კრიზისი არ იყოს ამ თვალსაზრისით. შეიძლება, შეჩერდეს ეს პროცესი, არსებულ წევრებს დროებით გაუგრძელდეთ, ვიდრე დაიწყება რეფორმები“, – განაცხადა სამნიძემ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება „სასამართლო კლანის გაძლიერებას“ ცდილობს.