ხათუნა სამნიძე - ევროკავშირის ოფისთან დღეს ვიხილეთ ძალადობა, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს
„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ აგრესია გადმოვიდეს პოლიტიკოსებზე, მოქალაქეებზე და ერთმანეთს დავერიოთ, ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია ის, რაც ხდებოდა ევროკავშირის ოფისთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც ოფისთან ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ოფისთან დღეს ყველამ იხილა ძალადობა, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს.
„მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, მოქალაქეს, რომელიც ხედავს, რა მძიმე ვითარებაა ამ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ. ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ზიზღი და დაპირისპირება იყოს მთავარი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ზღვარზე ვართ, ძალიან უტიფარი განცხადებების ფონზე „ქართული ოცნების“, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მას და არ უნდა წავახალისოთ ძალადობა არც ზიზღით, არც სიძულვილით და არც ფიზიკური დაპირისპირებით. რაც ხდებოდა აქ, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ აგრესია, რომელსაც თესავს, გადმოვიდეს პოლიტიკოსებზე, მოქალაქეებზე და ერთმანეთს დავერიოთ. ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია ის, რაც ხდებოდა. ჩვენ ამით არ უნდა წავახალისოთ ძალადობა, რადგან ჩვენ თუ გავხდით „ქართული ოცნებისმაგვარი“ ძალა, ჩვენი არასწორი, აგრესიული, ზიზღისა და სიძულვილის მოქმედებებით, მივიღებთ უარესს, ეს არ შეიძლება, მოხდეს. დღეს ვიხილეთ ძალადობა და ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.