ხათუნა სამნიძე - არ მესმის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე რა არგუმენტით უნდა თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უარი
მე არ მესმის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე რა არგუმენტით უნდა თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უარი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ ამ საკითხზე კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს, ნებისმიერ პარტიას გაუჭირდება უარი თქვას მის მხარდაჭერაზე.
„რესპუბლიკური პარტია“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა ინიციატივა შესთავაზოს საზოგადოებას. ორი მანდატი გვაქვს და ორ მანდატზე ვსაუბრობთ. მთელმა ქვეყანამ იცის ამის შესახებ, მთელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულია იდეის ირგვლივ, რომ ქვეყანამ მიიღოს უბარიერო პროპორციული სისტემა. ასეთი კანონპროექტი თუ იარსებებს, მე არ მესმის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაში რა არგუმენტით უნდა თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უარი.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასეთი კანონპროექტი იარსებებს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მძიმე იქნება, უარი თქვას შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანამ მიიღოს უბარიერო პროპორციული სისტემა. ამის წინააღმდეგ არგუმენტები დღეს არ არსებობს“, – განაცხადა სამნიძემ.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ასეთი კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში მზად არის, მას სამივე მოსმენით მხარი დაუჭიროს. ამასთან, ხათუნა სამნიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, დაარეგისტრიროს აღნიშნული კანონპროექტი ყოველგვარი დისკუსიის გარეშე.
„რესპუბლიკური პარტია“ არ შედის პარლამენტში. მეორე – ჩვენი განცხადებები მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დევს და ძალაშია. ამ განცხადებების ერთგული ვართ. მესამე – ჩვენს კოლეგებთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში ვართ. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გააუქმოს ჩვენი მანდატები ნებისმიერ დროს, მათ შორის ხვალ. ამისთვის მზად ვართ და ამას ველოდებით არამარტო „რესპუბლიკელები“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მზად არის უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი მოამზადოს თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში. ანუ ის აყენებს წინაპირობას, მე კი მათ ვეუბნები, რომ წინაპირობების დაყენების დრო არ არის. მათ აქვთ ვალი ქართული საზოგადოების წინაშე, რომ უნდა დაარეგისტრირონ პროპორციული უბარიერო სისტემა. უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეის ირგვლივ გაერთიანებულია მთელი ოპოზიცია, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით 20 ივნისის შემდეგ და ჩვენი პარტია 30 წელია იბრძვის პროპორციული სისტემისთვის. ისინი თუ გაბედავენ და ამ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, სამი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის მომავლის კანონი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში ვიმუშავებთ, ეს ნიშნავს ერთჯერადად, სამი მოსმენით კანონპროექტზე ხმის მიცემას და პარლამენტის დატოვებას, ბოიკოტის გაგრძელებას. „ქართული ოცნებას“ მივმართავ, გაბედოს, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და ჩვენ ამ მანდატს, რომელსაც არ გვიუქმებენ, გამოვიყენებთ, რათა ქვეყანას ჰქონდეს მომავლისთვის გამართული კანონი, რომ მსგავსი პოლიტიკური კრიზისი არასდროს მივიღოთ“, – განაცხადა სამნიძემ.