ხათუნა ზახაშვილი - ყველაფერი კეთდება, რომ არ მივიღოთ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი, ნახტომისებური მატება
დღეისთვის ყველაფერი კეთდება, რომ არ მივიღოთ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი, ნახტომისებური მატება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ინფიცირების შემთხვევების მატება იყოს იმ რაოდენობის, რომ ჯანდაცვის სისტემამ მოასწროს რეაგირება.
„ვიცით, რომ შემთხვევათა რაოდენობა იქნება, ვიცით რომ გაიზრდება რაოდენობა, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ რაოდენობის და იმგვარად, რომ თითოეულ მათგანზე მოახდინოს და მოასწროს ჯანდაცვის სისტემამ სწორი და ადეკვატური რეაგირება.
ეს პროცესები ჯერ მართულია. ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესების მიდევნება, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალშიც ასე თუ ისე სიტუაცია იქნება სწორად მართული, სწორად შეფასებული და შესაბამისად, არ მივიღებთ ძლიერ დარტყმას, რომელთან გამკლავებაც ძნელი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის“, – განაცხადა ზახაშვილმა.