ხათუნა გოგორიშვილი - სუს-ი და „ქართული ოცნება“ არჩევნებიდან ჩვენს ჩამოშორებას ცდილობს
სუს-ი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რაღაცნაირად ჩამოგვაშოროს არჩევნებს და არ მოსწონთ ჩვენი აქტივობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარტიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში გუშინ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პარტიის მიერ „ევროპული საქართველოს“ რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მას ეს გარკვეული პირებისგან ჰქონდა დავალებული.
„პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია კანონით და ეს არის პირველი ოქტომბერი. რაც შეეხება რეგისტრაციას, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთადერთი პრობლემა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ევროპულ საქართველოს ჰქონდა“. გუშინ სერგო ჯავახაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ჩვენი რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ სუს-ი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რაღაცნაირად ჩამოგვაშოროს არჩევნებს და არ მოსწონთ ჩვენი აქტივობა. საქმე იმაშია, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ბლოკმა. ამ ბლოკში იყო ორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ის ფაქტი, რომ ბლოკს სახელად „ნაციონალურ მოძრაობა“ ერქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ სუბიექტი. შესაბამისად, ბლოკში შემავალი ორი სუბიექტი ნებისმიერი კანდიდატის წარმდგენი თანაბრად არის.
აქედან გამომდინარე, ის, რომ „ევროპული საქართველო“ 2016 წლის არჩევნებში არ მონაწილეობდა და კანდიდატების წარმდგენი არ იყო, ან წერა-კითხვის უცოდინრობას ნიშნავს, ან იმას რომ ვიღაცას კონკრეტული დავალება უნდა შეესრულებინა ადამიანს. საბედნიეროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დონეზე წერა-კითხვა იციან და სასამართლომ ბატონ ჯავახაძეს უარი უთხრა თავის მჭერმეტყველ სარჩელზე“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ სარჩელი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნოდ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა. სარჩელი პარტიის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძემ შეიტანა.