ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, ქალთა კვოტირების გაუქმება „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, სავალალოა, როცა ბევრი პრობლემის ფონზე, ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ, ქალთა კვოტირების გაუქმებაა
ვფიქრობ, რომ ქალთა კვოტირების გაუქმება „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რადგან ბევრი ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დასაკმაყოფილებელი ჰყავთ. ბევრია ისეთიც, ვინც პარტიაში ფული უნდა შეიტანოს და ურჩევნიათ, ასეთი ადამიანები იყვნენ სიაში და არა აქტიური ქალი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეკანოიძის თქმით, „გირჩის“ იდეოლოგია მისთვის გასაგებია, რადგან ფიქრობენ, რომ კვოტირება ქალების დისკრედიტაციაა.
„სავალალოა, როცა ბევრი პრობლემის ფონზე, ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ, ეს არის ქალთა კვოტირების გაუქმება. თანასწორობა როცა არსებობს, მაშინ შესაძლებელია, პოზიტიურ დისკრედიტაციაზე არ ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს არის დროებითი ნორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა ბევრი ქალი იყოს პარლამენტში. რას იზამენ, ადგილობრივ წარმომადგენლობაშიც გააუქმებენ კვოტირებას? ეს ხომ მეტი ბარიერი იქნება ქალებისთვის? დიდი ხანია, „გირჩის“ იდეოლოგია გასაგებია, ისინი ფიქრობენ, რომ კვოტირება ქალების დისკრედიტაციაა, მე ასე არ ვფიქრობ. ალბათ ჰგონიათ, რომ ამ ნორმას თუ გააუქმებენ, ეს დააზღვევთ, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ ახალგაზრდა ქალების მოძებნისთვის. დიდი ხანია, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მაგრამ მიკვირს, ასეთი შეთანხმება რატომ არის. უფრო შეიძლებოდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილიყო ბარიერის დაწევა, ვიდრე ქალების საკითხის ასე ჩაჩეხვა და კვოტების გაუქმება, რაც 2028 წლამდე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს თუ დაუჭერს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
უმრავლესობა ეთანხმება კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.