ხატია დეკანოიძე - უკრაინის ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს კომუნიკაცია, როგორ მოგვარდეს სააკაშვილის გადაცემის ან მკურნალობის პრობლემა უკრაინასთან ერთად
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და პრეზიდენტ ზელენსკის აქვს უფლება და ვალდებულება, რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას. ძალიან მძიმეა, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ნებისმიერი სხვა თხოვნა, რომელიც უკრაინას სააკაშვილის გადაცემაზე ჰქონდა, იგნორირებული იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენა რომ დაიწყოს, უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილთან შესვლის უფლება უნდა ჰქონდეს და მასთან პოლონელი ექიმები შევიდნენ.
„უკრაინის ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს კომუნიკაცია, როგორ შეიძლება, სააკაშვილის გადაცემის ან მკურნალობის პრობლემა უკრაინასთან ერთად მოგვარდეს. თუ ეს ყველაფერი ასე არ გაკეთდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაზარალდება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძის განმარტებით, საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც, უპირველესად, აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და აზიანებს ევროპულ მომავალს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის სახელმწიფო იცავენ საკუთარ მოქალაქეს. სააკაშვილს მხოლოდ ერთი მოქალაქეობა აქვს, ეს არის უკრაინის მოქალაქეობა. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადაედგა ჰუმანური ნაბიჯები, რაც რეალურად გააუმჯობესებდა უკრაინასთან ურთიერთობას. ვერ გეტყვით, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ეს პოლიტიკური ეგზეკუცია რომ დასრულდეს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და რაღაცნაირად შეეცდება უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შიდაპარტიული დაპირისპირებისთვის უკრაინის ჯერ კიდევ მაშინდელ პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან სერიოზული ურთიერთობების დაცილების პერსპექტივა დასახა.
ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია უკრაინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და ზოგადად ურთიერთობები რომ მძიმე ნიშნულზეა. საქართველოსა და უკრაინის გაყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. პირველი ნაბიჯი, რასაც გავაკეთებდი, რათა რაღაცნაირად ეს ურთიერთობები დაძრულიყო ერთი წერტილიდან, იქნებოდა უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება მიხეილ სააკაშვილთან. ამის შემდეგ დავიწყებდი მოლაპარაკებებს, როგორ შეიძლება ჰუმანურად და ჰუმანიტარულად გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის პრობლემა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.