ხატია დეკანოიძე - სასამართლოში უმძიმესი ვითარება უცხოელი ინვესტორების მხრიდან ნდობას არ იმსახურებს, კანონის უზენაესობის არარსებობის გამო გვაკლდება ინვესტიციები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სათანადოდ აფასებს.
მისივე თქმით, სასამართლოში უმძიმესი ვითარება უცხოელი ინვესტორების მხრიდან ნდობას არ იმსახურებს. როგორც დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქვეყანას ინვესტიციები სწორედ სასამართლოს და კანონის უზენაესობის არარსებობის გამო აკლდება.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ზუსტი შეფასება აქვს, რადგან ყველას გვახსოვს, ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ განხორციელებული ბევრი ქმედება, ეს ეხებოდა ფილიპ მორისის საქმეს, ანაკლიის პროექტს, რომელიც გააჩერეს და ამერიკული ინვესტიციები იყო ჩადებული. სასამართლოში უმძიმესი ვითარება არ იმსახურებს ნდობას უცხოელი ინვესტორების მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციები სწორედ სასამართლოს და კანონის უზენაესობის არარსებობის გამო გვაკლდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.