ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უკრაინაში მებრძოლებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მხოლოდ ახლა გაიგო, ეს თუ არ იციან, მაშინ რა ფუნქცია აქვთ მათ პარლამენტში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისმა ფრაქციამ რამდენიმე თვის წინ წარადგინა პარლამენტში ინიციატივა უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლებისთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს აქვთ.
დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „სტრატეგია აღამაშენებელმა“ აღნიშნული ინიციატივის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო.
„ეს არის ტყუილი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას რამდენიმე თვეა, აქვს ეს ინიციატივა. ბატონი დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი მუშაობდნენ ამ ინიციატივაზე და ძალიან ბევრი საკომიტეტო მოსმენა იყო. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო მოსმენები, ჩააგდო ეს ინიციატივა. სამწუხაროა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ ინიციატივის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო, რადგან ისინი პარლამენტში არიან. ეს ინიციატივა თუ არ იციან, მაშინ რა ფუნქცია აქვთ მათ პარლამენტში?“ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ უნდა შეიტანონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება და უკრაინაში მებრძოლები სტატუსობრივად აუცილებლად უნდა გაუთანაბრდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს.
„ეს არის ჩვენი ბრძოლა და მინდა, აქედან მივმართო ქართველ ხალხს, აუცილებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უნდა შევიტანოთ. ადამიანები, ვინც ჩვენს სინდისს და ნამუსს იცავენ, ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, სტატუსობრივად აუცილებლად უნდა გავუთანაბროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ, დაღუპულ გმირებს შესაბამისი სტატუსით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ამას ხმა მივცეთ. პარლამენტის თითოეულ წევრს მივმართავ და ვეკითხები: თქვენ რა პოზიცია გაქვთ? უნდა გაუთანაბრდნენ თუ არა სტატუსობრივად ეს გმირები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს? თუ ამას არ გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ ეს კანონი, ჩვენი ვალდებულებაა, სამართლიანობა აღვადგინოთ. უკრაინაში მებრძოლების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების სტატუსი ერთმანეთს უნდა გაუთანაბრდეს, რადგან ჩვენი დეოკუპაციისთვის ბრძოლაა, რაც უკრაინაში მიდის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მიმდინარე წლის 27 აპრილს ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლებისთვის იმავე სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს აქვთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინიციატივა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის იმავე სოციალური დახმარების პაკეტის დანიშვნას ითვალისწინებდა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები იღებენ.