ხატია დეკანოიძე - რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს
ხატია დეკანოიძე - რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს

პრემიერის განცხადება სამარცხვინო იყო ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინ, როცა ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი და მთელი ცივილიზებული სამყარო მიხვდა, რომ რუსეთი ბოროტებაა და ამის აღიარება მოხდა, მაშინ, როცა უკრაინაში ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში მიმდინარე ღია კონფლიქტის ფონზე რუსეთს სანქციები დაუწესდა და ეს ქვეყანა კვლავ მხარედ ჩაითვალა, რუსეთთან ვასალურ დამოკიდებულებას აზრი არ აქვს, რასაც ახლა კვირიკაშვილის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრაგმატულ მოლაპარაკებებს უწოდებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ამ საერთაშორისო კონტექსტში, პრემიერმა გადაწყვიტა, რუსეთის ფედერაციისთვის, პუტინისთვის ისეთი წერილი მიეწერა, სადაც ოკუპაციის ცნება პრაქტიკულად უგულებელყოფილია.

„თუ რუსეთი შუამავლად გვინდა და მას მოვუწოდებთ, აფხაზეთთან და ოსეთთან შუამავლად ჩაერთოს, როგორც წერილში წერია, მაშინ ოკუპაციის ცნებას საერთოდ აღარ ვაღიარებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ძალიან სასაცილო იყო, როცა საქართველოს პრემიერის წერილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიღაც დეპარტამენტმა უპასუხა და დღესვე, ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო წერილი გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავის მოთხოვნებს უყენებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან წერილი, რომელიც მან რუსეთს მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს საპირისპიროდ მისწერა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ქვეყნის სათავეში ყოფნის შემთხვევაში, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდა, როცა რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის მხარედ იქნა აღიარებული.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა პრობლემა და ძალიან დიდი საფრთხე, ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. მოხდა აღიარება, რომ კონფლიქტის მთავარი მხარე პუტინი და რუსეთის ფედერაცია იყო“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, კვირიკაშვილს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით გაუგებარი გზავნილები ჰქონდა და თუ საქართველოს ხელისუფლებას ჟენევის მოლაპარაკებების გაძლიერება უნდა, აბაშიძე–კარასინის გაურკვეველი და არაფრის მომტანი ფორმატი უნდა გააუქმოს, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოიგონა.