ხატია დეკანოიძე - ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხებში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრებს ეხებათ
ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ღირსეულია. დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხებში, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.
„გიგი უგულავას განცხადება არის ნამდვილად ღირსეული. გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ნიკა გვარამია არიან პოლიტპატიმრები, რეჟიმის მიერ დევნილი ადამიანები, და მათ ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა, პროპორციულთან მაქსიმალური თანაფარდობით არსებული საარჩევნო სისტემა. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სრულიად საქართველოს მოქალაქეთა ნება, იყოს მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეწყდეს დევნა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც რეჟიმის მიერ არიან დევნილი და იმყოფებიან ციხეში ან ახლა განიხილება მათი სისხლის სამართლის საქმეები. ეს არის ორი მნიშვნელოვანი პირობა, რომლის გათვალისწინება ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს. რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, დამერწმუნეთ – ოპოზიცია ამ მოთხოვნებში ნამდვილად ერთიანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.