ხატია დეკანოიძე - NDI-ის კვლევა ოპოზიციისთვის ნამდვილად დასაფიქრებელია, მეტი მუშაობა გვმართებს ადამიანებთან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის დასაფიქრებელია. მისივე თქმით, ადამიანებთან მეტი მუშაობაა საჭირო.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, კვლევა სხვადასხვა მიმართულებითაა და ის ძალიან სიღრმისეულია.
„ორი სიტყვით ამის შეფასება გამიჭირდება. ოპოზიციისთვის ნამდვილად დასაფიქრებელია. გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს კონკრეტულად ადამიანებთან. ესაა სხვადასხვა სეგმენტი, მაგალითად, ფასები ძალიან სერიოზული პრობლემაა, განათლება. თბილისში ყოველი მეოთხე საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს. საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობა, სიყვარული კი – არა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იბრძვიან თვითგადარჩენისთვის და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველა საშუალებას, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველყონ. მათ შორის, რაც ჩემთვის პირველი გზავნილია და ძალიან დიდი შეშფოთების საგანი, ეს არის საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძემ ასევე შეაფასა NDI-ის კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს.
დეკანოიძის თქმით, ეს მცირე მაჩვენებელია.
„ეს ნამდვილად მცირე პროცენტია. კარგი ისაა, რომ გაზრდილია სანდოობა, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ევროკავშირს ენდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას აქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და ამის პარალელურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ევროკავშირს ენდობა. ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ საკმარისად არ შრომობს ხელისუფლება, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.