ხატია დეკანოიძე - მინდა, გიორგი ვაშაძეს ვუთხრა, ყველას მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და არა - ოპოზიცია
ისანში ჩვენ ძალიან ძლიერი ორგანიზაცია გვაქვს, ამიტომ თუ გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ კონკურენტად განიხილავს, მინდა, მას ვუთხრა, რომ ყველას მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე არ არის სხვა ოპოზიციური ძალები.
„არ მინდა, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო პეტრო პოროშენკოსთან შტაბში მუშაობა, როდესაც მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ზოგისთვის რა არის მისაღები და ზოგისთვის – რა. ჩვენ არ ვუყურებთ ამას პიროვნული წერტილიდან. გასაგებია, რომ გიორგი ვაშაძეს თავისი მოსაზრებები, ამბიციები აქვს, მაგრამ ჩვენი პარტიის სამიზნე სხვა ოპოზიციონერები არ არიან. ძალიან ბევრი მოსაზრება და გულისტკივილი მოდის ჩვენი პარტიის ამომრჩევლის მხრიდან. ისანში ჩვენ ძალიან ძლიერი ორგანიზაცია გვაქვს, ამიტომ თუ გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავს მთავარ კონკურენტად, მინდა, მას ვუთხრა, რომ ყველას მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და არა – ოპოზიცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ოპოზიციის ერთობა დაარღვია, რათა პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, რომლის თქმითაც, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისნის ოლქში კანდიდატს დააყენებს, მას აუცილებლად დაამარცხებს.