ხატია დეკანოიძე - ბორელის დამოკიდებულება იყო ძალიან კონკრეტული, ევროკავშირს სურს, საქართველო იხილოს ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის არის დავალებები შესასრულებელი
ხატია დეკანოიძე - ბორელის დამოკიდებულება იყო ძალიან კონკრეტული, ევროკავშირს სურს, საქართველო იხილოს ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის არის დავალებები შესასრულებელი

ბორელის დამოკიდებულება იყო ძალიან კონკრეტული, ევროკავშირს სურს, საქართველო იხილოს ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის არის დავალებები შესასრულებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბორელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში.

„ნამდვილად არ იყო მარტივი შეხვედრა. ეს იყო რთული შეხვედრა, ვინაიდან ძალიან სპეციფიკურად, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საკითხი და არამხოლოდ. ოპოზიციის პოზიცია იყო, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტს, ვინც პროევროპელია, ძალიან გვაწუხებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ევროკავშირის და ჩვენი საგარეო პროცესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ პროუკრაინული და პროდასავლური პოზიციების გამო უკვე პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. მესამე კი არის საარჩევნო გარემო. ეს იყო ძირითადად ის საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ. ბატონმა ბორელმა თქვა, რომ საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის და საქართველოსი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში. როგორც საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ევროკავშირს ამაში წვლილი შეაქვს, არის სუფთა რუსული პროპაგანდა, მან ღიად და დაუფარავად უპასუხა ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე ძალიან ხისტად იყო ხაზგასმული ის, რომ საქართველოს კვლავ შესასრულებელი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ეს არის დეოლიგარქიზაციაზე სისტემური მიდგომა, საარჩევნო კოდექსი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა და ეს არის რეალურად ის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც არის დეპოლარიზაციის ნაწილი. აქ ხაზი გაესვა ინკლუზიურობას, ანუ ჩართულობას სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომელიც, როგორც იცით, ხელისუფლებამ გამოაგდო ყველა შეხვედრიდან.

გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან იყო  ხისტი პოზიცია, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და რატომ არ იყო მიცემული კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ის საყვედური, რომელსაც ეუბნებიან ხოლმე ევროკავშირს უმრავლესობის წევრები. ამაზე იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს აქვს შესასრულებელი ვალდებულებები. ასევე, ხაზგასმული იყო, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება ის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე ოქტომბერში გამოქვეყნდება და დრო არის ძალიან ცოტა. ბორელის დამოკიდებულება იყო ძალიან კონკრეტული. ევროკავშირს სურს, რომ საქართველო იხილოს ევროკავშირში. პოლიტიკურად, ევროკავშირს სურს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ეს ძალიან კონკრეტულად იყო ნათქვამი, მაგრამ ამისთვის ის დავალებები რეალურად არის შესასრულებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.