ხატია დეკანოიძე - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დანაშაული აქვს, რადგან საქართველოში არ არის ობიექტური სასამართლო
არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს რაიმე დანაშაული აქვს, რადგან საქართველოში არ არის ობიექტური სასამართლო, არ არის სასამართლო, რომელიც რეალურად დაიცავს სამართლის მთავარ პრინციპებს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი
„მე გულწრფელად ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ მამუკას, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ჩვენთან კოალიციაში. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს რაიმე დანაშაული აქვს, რადგან საქართველოში არ არის ობიექტური სასამართლო, არ არის სასამართლო, რომელიც რეალურად დაიცავს სამართლის მთავარ პრინციპებს. ყველა შეთანხმებულია, მათ შორის ბატონი მამუკას უფროს სწორად „ლელოს“ მხრიდან განცხადებაც იყო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი. რაც შეეხება იმას, რომ შიშის ფაქტორს მუდამ თესავდა „ქართული ოცნება“, ეს იყო მხოლოდ მათი პროპაგანდის ნაწილი, შესაბამისად, ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს და ამაში ვეთანხმები ბატონ მამუკას, რომ შიშისა და ზიზღის პროპაგანდა ნამდვილად აღარ იმუშავებს ახლა არჩევნებზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მამუკა ხაზარაძე გუშინ განაცხადა, რომ იმის ძახილით, „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია.
ამასთან, დღეს მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია. „დაშინება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი ჩამოვა და ქვეყანა აირევა, ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ იგი არის ციხეში“.