მამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია
მამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია

აბსოლუტურ პროპაგანდაში, რომ „მოდის მიშა სააკაშვილი“, იკარგება სიმართლე. ციხეში ჰყავთ მიშა სააკაშვილი და ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და რა ვქნათ, როდემდე ვილაპარაკოთ ამაზე? აღარ ვიცხოვროთ, აღარ შევცვალოთ, თუ მთელი ცხოვრება ვუყუროთ ახლა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ცხრა წელი მოგვყიდა? კოჰაბიტაცია ხომ დაიწყეს და რით დამთავრდა? არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ ვიცე-მერის პოზიციაზე დასახელებულმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ყველა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია.

„სწორედ ეს არის „ოცნების“ პროპაგანდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ამის შიშით, რომ არაფერი გავაკეთოთ. მაშინ დავრჩეთ სადაც ვართ, ამ ჭაობში, იმის შიშით, რომ ხვალ შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც უკვე ვნახეთ და ვინმე ჭკუათმყოფელს თუ უნდა იმ ამბავში შესვლა, მაშინ საერთოდ არაფრის ღირსები არ ვყოფილვართ, საერთოდ არაფრის ძალა არ ჰქონია ამომრჩეველს, არც ერთ პარტიას, მაშინ დავანებოთ ყველაფერს თავი. ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, რომ ცხრა წლის წინაც იყო უბედურება, შევცვალეთ ეს ყველაფერი, მაგრამ კარგიც იყო რაღაცები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ იყენებს. ცუდსაც ისევე იყენებს, როგორც კარგს. ცუდია ის სასამართლო სისტემა, რომელიც გადმოიბარა, მურუსიძის სასამართლო, კარგია პოლიცია, რომელიც შეიქმნა თავის დროზე და გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“. რას გადააბარებს „ქართული ოცნება“ მომავალში, ხვალ კოალიციურ მმართველობას? გაღატაკებულ ბიუჯეტს, თითქმის მილიონამდე ასულ, სოც-დახმარებაზე ჩაწერილ ადამიანს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყნის ბიუჯეტის უზარმაზარ ვალებს, არანაირ ინვესტიცია, უბრალოდ აღარ შემოდის ქვეყანაში იმიტომ, რომ ქვეყანას დააკარგინეს ნდობა. როცა შენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ასე მოხსენიება ხდება, ღმერთმა არ გაგვიჭირვოს, ხვალ ვინ უნდა მივიდეს საქართველოს სახელით ევროკავშირთან და ვინ რა უნდა სთხოვოს? ეს მთავრობა უნდა მივიდეს გუშინ რომ აგინებდნენ?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც იყო, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია პრეზიდენტიდან დაწყებული. თუ ვინმე არ დაიჭირეს და დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ისევ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიჭირა, გადმოიპორტირა თავის რიგებში, გადახედეთ მათ რიგებს პარლამენტში, სტრუქტურებში და სასამართლოში, უცბად აღმოაჩენთ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ადამიანებს, რომლებზეც პრეტენზია აქვს ვითომ „ქართულ ოცნებას“.

ასე საკითხის დაყენება არ შეიძლება იმიტომ, რომ არსად არ წავა ქვეყანა, იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა, მგელი მოვა“, ეს მგელი აღარ არსებობს დღეს, მისი თავები და ხელმძღვანელები არიან ციხეში დღეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხვალინდელ დღეზე ორიენტაციას, საერთო ენის გამონახვას. გარანტია იმისა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება არის ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. არავითარ შემთხვევაში მომავალში არ დავუშვებთ ერთპარტიულ მმართველობას, გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი