ხატია დეკანოიძე - არ მაინტერესებს სტრატეგიული ტყუილები და სხვა კონფიგურაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისანში გვჭირდება გამარჯვება
ხატია დეკანოიძე - არ მაინტერესებს სტრატეგიული ტყუილები და სხვა კონფიგურაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისანში გვჭირდება გამარჯვება

ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ინიციატორი იმ შეთანხმების, რომელიც თბილისში უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქში შედგა.

„დავიწყოთ იმით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაწერილია ის შეთანხმება, რომელიც შედგა პრაქტიკულად თბილისში უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც დღემდე ვუცხადებთ თანადგომას და მხარდაჭერას. ეს არის ვაკე, მთაწმინდა, დიდუბე-ჩუღურეთი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისანში კანდიდატურის დაყენებას, დეკანოიძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ისანში ივანიშვილის კანდიდატის დამარცხებით.

დეკანოიძის განმარტებით, შეთანხმების დარღვევაზე პარტიების მხრიდან საუბარი მაშინ დაიწყო, როცა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დაირღვა.

„რაც შეეხება ისანს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ნამდვილად მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ბიძინა ივნაიშვილის კანდიდატის დამარცხება ისანში, ვინაიდან, მას შემდეგ, როდესაც, სამწუხაროდ, გიორგი ვაშაძემ დატოვა ჩვენი გაერთიანება, გაერთიანებული ოპოზოცია, მაშინ საერთოდ სხვა რეალობა შეიქმნა ისნის სამაჟორიტარო ოლქში.

ამიტომ მე დღეს ვასრულებ კინკლაობაზე საუბარს ოპოზიციაში. ჩემი ერთადერთი მიზანი, რისთვისაც მე გადავდებ თავს, რისთვისაც მე ვიბრძოლებ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებებისთვის, კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის, იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და  „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება.

მე არ განვიხილავ ოპოზიციას, როგორც კონკურენტებს, მე მთავარ კონკურენტად განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, მის ისთებლიშმენტს, რომელმაც ნამდვილად რვა წლის განმავლობაში საქართველო ჩააგდო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს ერთი. მეორე – მე არ მაინტერესებს სტრატეგიული ტყუილები, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა კონფიგურაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისანში გვჭირდება გამარჯვება, ჩვენ გვჭირდებბა გამარჯვება მათ შორის პროპორციული სიის ნაწილში, გვჭირდება გამარჯვება მაქსიმალურად, სწორედ ამიტომ დავასახელეთ კანდიდატი, ამიტომ დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიცხადებს თანადგომას.

მას შემდეგ, რაც მან დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენი მთავარი ორიენტირი ისევე, როგორც ყველგან, გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. შესაბამისად, შეთანხმებას არათუ „ნაციონალური მოძრაობა“ არღვევს, ყველა ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ მაშინ დაიწყო შეთანხმების დარღვევაზე საუბარი, როდესაც დაირღვა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.