ხასო ხანგოშვილი - ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს არ დააკავებენ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს
ეს არ არის ისეთი დანაშაული, რომ ამაზე კაცი დაიჭირონ, გამწარებულმა კაცმა რაღაც თქვა, ჩვეულებრივად მიმაჩნია, – ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც არ უნდა ეთქვა მალხაზ მაჩალიკაშვილს თვენახევრის წინ, მთავარია, რა მოიმოქმედა მან ამ ნათქვამიდან დღემდე.
ხანგოშვილს მიაჩნია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში ილაპარაკა მან ეს, თუ არ ილაპარაკა. ეს არ არის სამართლის ისეთი დანაშაული, რომ ამაზე კაცი დაიჭირონ. შეიძლება, ბევრი რამ ვილაპარაკო, მაგრამ მთავარია, რა მოქმედება და რა შედეგი მოჰყვება ამას.
თუ თვენახევრის წინ არის ჩანაწერი გაკეთებული, ესე იგი, ამ თვენახევრის განმავლობაში, მაგ კაცს ამ კუთხით რაიმე მოქმედება არ განუხორციელებია. თუკი სინამდვილეში სურდა რაღაცის გაკეთება, სათანადო საშუალებებიც ხომ უნდა შეეძინა, ან იარაღი, ან ასაფეთქებელი და ასე შემდეგ. გამწარებულმა კაცმა რაღაც თქვა, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია.
ვფიქრობ, არ დააკავებენ , რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. არაფერი ჩაუდენია. მხოლოდ ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ კაცი დააკავო, მით უმეტეს, როდესაც საუბარი თვენახევრის წინ შედგა. ამ ხნის განმავლობაში მას არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია. წელიწადნახევარია ითხოვს სამართალს, მაგრამ უბრალო მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც არ ჩაუდენია”, – განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.