ხაშურში, წყალდიდობის გამო, რამდენიმე ოჯახი სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ხაშურის ქუჩები. ადიდებული მდინარე შოლას წყალი სანიაღვრე არხმა ვეღარ გაატარა. დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის ეზო, პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ისეა წყალში მოქცეული, რომ ოჯახები სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იმერეთის ქუჩაზე და ახალდასახლებაში. ადგილობრივი მოსახლეობა არხის გაუმართაობაზე საუბრობს.
“ეს არხი გასაწმენდია. აქ იმდენი ხიდი დააშენეს, რომ გამტარიანობა არხს აღარ აქვს. სადრენაჟე სისტემა მთლიანად მოშლილია. ვითხოვთ, ტექნიკა მოგვაშველონ, წყლის დინება თუ არ შეწყდა, სახანძრო სამსახური წყლის ამოტუმბვას ვერ დაიწყებს. მუნიციპალიტეტს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ პრობლემა მოუგვარებელია. დიდი ზარალი გვაქვს მოსახლეობას, დახმარებას და პასუხებს ვითხოვთ”,- განაცხადა იმერეთის ქუჩის მცხოვრებელმა დავით ნოზაძემ.