ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტოები)
ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტოები)

ხაშურში, დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი გურასპაშვილისა და რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ვითარების დაძაბვის გამო, პოლიციამ სპეციალური კორდონი აღმართა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მერობის კანდიდატის გამარჯვებას ქალაქში მანქანების მსვლელობით აღნიშნავდნენ, რა დროსაც კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს, რასაც უკვე ნოზაძის მხარდამჭერების პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი კი „ქართული მარშის ” წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის მხარდამჭერების ტაშისკარის 32-ე საარჩევნო უბანზე მისვლას ხმაური მოჰყვა.

რამაზ ნოზაძე შედეგების გაუქმებას ითხოვს. ის უბანზე მხარდამჭერებთან, „ქართული მარშის“ წევრებთან ერთად მივიდა.