ხაშურსა და ქარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ საგანგებო შტაბში იმსჯელეს
ხაშურსა და ქარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ იმსჯელეს საგანგებო შტაბის წევრებმა. შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გუბერნატორ კახა სამხარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური და რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლები, დაისახა მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს დასახლებული ადგილების დაცვას ადიდებული მდინარისგან.
გუბერნატორის თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან მოეწყო ახალი მილ-ხიდი რომელიც წყლის ნაკადის უკეთესი გამტარუნარიანობით გამოირჩევა.
რუკაზე მოინიშნა მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სარისკო ზონა, სადაც მიმდინარე წელს წყლის გამტარი და შემაკავებელი ობიექტები მოეწყობა.
მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე შოლას მისადგომებთან იმყოფებოდა, რომლის ადიდების შედეგად ხაშურის რამდენიმე დასახლებული ადგილი დაიტბორა.
შტაბის გადაწყვეტილებით, დღესვე დაიწყო სამუშაოები, რომელიც კალაპოტის განტვირთვის მიზნით, წყლის ნაწილის ქარსაცავი ზოლის მიმართულებით გაშვებას გულისხმობს. პარალელურად, იმ სახლებში, სადაც წყლის დონემ დაიწია, მიმდინარეობს დარჩენილი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.