ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას შსს-ს საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ
სოფელ ხიდისყურში ადამიანების შესვლა-გამოსვლა მკაცრად გაკონტროლდება, – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას შსს საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ, მისივე ინფორმაციით, გრძელდება ასევე თერმოსკრინინგი.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ხიდისყურში დადგინდა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. ეს ითვალისწინებს, რომ ადამიანების შესვლა-გამოსვლა მკაცრად გაკონტროლდება. გადაწყვეტილების აღსრულებას ადგილზე განახორციელებს შსს საპოლიციო ძალები. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ სოფლის მოსახლეობასთან, მათ საჭიროებებზე იქნება დროული რეაგირება. მათ ექნებათ ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო პროდუქტზე. ამ დროისთვის, დამატებითი ნიმუშების აღების საჭიროება არ დამდგარა, რადგან არანაირი საეჭვო სიმპტომი არ აქვთ. ეს ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაა. თერმოსკრინინგი ამჟამადაც გრძელდება. ვიმოქმედებთ შესაბამისად და ადეკვატურად“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება.