მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

„ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ სხდომაზე წარადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაიზარდოს სერვისის ხარისხი ბრძოლის წინა ხაზებზე   112-ის ოჯახის ექიმის მომსახურების კუთხით, „ცხელების კლინიკებსა“ და სტაციონარებში.

ამასთან, აქტიურად გაკონტროლდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტუიანობა და უწყვეტობა. ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში განხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც ასევე სისტემატურად გადამოწმდება“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.

აღინიშნა, რომ რეგიონებში, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, საბჭომ ზომები დამატებით გაამკაცროს.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება გრძელდება და ყველა კომპანიას, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის გაგრძელების უფლება ეძლევა.

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებში, რომელთა გახსნაზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მონიტორინგის შედეგად მიიღება.

ასევე გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, დაინიშნა ორი ახალი რეისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს – პრაღა-თბილისი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები  სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. სპეციალური რეისები ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 67 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

„ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 4890  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ  საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დატოვე კომენტარი