„ხართ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის“ წამყვანი - პროექტმა თავი 55 ქვეყანაში გამოსცადა და უმეტეს შემთხვევაში ძალიან წარმატებული გამოდგა
ამ პროექტმა თავი 55 ქვეყანაში გამოსცადა და უმეტეს შემთხვევაში, ის ძალიან წარმატებული გამოდგა, – ამის შესახებ გადაცემა „ხართ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის“ წამყვანმა დავით ველიჯანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, პროექტი ჩვენთანაც წარმატებული იქნება და მაყურებელი გადაცემას აუცილებლად შეიყვარებს“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდა გადაცემის მონაწილეთა შერჩევა, დავით ველიჯანაშვილმა თქვა, რომ შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით მიდიოდა.
„მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში ვიყავით. ჯერ ეს ეტაპი გავიარეთ და ძალიან სხარტი, ჭკვიანი და მხიარული ბავშვები შევარჩიეთ. ამ ბავშვების შერჩევა „კასტინგის“ ფორმით მოხდა და საბოლოო ჯამში, 100–ზე მეტი ბავშვი შეირჩა, რომლებიც გადაცემის მონაწილეები იქნებიან“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
მისი თქმით, ერთ გადაცემაში მოწვეულ სტუმართან ერთად, ხუთი მეექვსე კლასელი ბავშვი იქნება.
„თამაშს მოწვეული სტუმარი იწყებს, რომელსაც დამხმარედ სუპერ მეექვსე კლასელები ეყოლებიან. მოწვეული სტუმარი თამაშობს და ჩვენ მას კითხვებს ვუსვამთ, რომლებიც პირველიდან მეექვსე კლასამდე პროგრამიდან არის. ეს პროგრამა თავის დროზე ყველამ გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც-რაღაცები აღარ გვახსოვს ხოლმე. მაგალითად, მეორე კლასის კითხვას დაგისვამთ და თუ ვერ გაიხსენებთ, ამ შემთხვევაში იქნებიან ბავშვები, რომლებიც დაგეხმარებიან“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, თამაშში სხვადასხვა სახის დახმარება არსებობს.
„მაგალითად, როგორ შეიძლება, ბავშვები სკოლაში ერთმანეთს დაეხმარონ – ერთი კარნახით, მეორე გადაწერით და მესამე, ძალიან საინტერესო დახმარებაა შანსი. როცა თქვენი არასწორი პასუხი ფიქსირდება, ავტომატურად ირთვება მესამე დახმარება, შანსი და ამ დროს, მთლიანად გამოძახებულ მეექვსე კლასელზე ხართ დამოკიდებული. თუ ის სწორ პასუხს გასცემს, ეს თქვენი გადარჩენის შანსი იქნება, რათა თამაში გააგრძელოთ“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
მისი თქმით, გადაცემაში სტუმრის სახით წარმოდგენილი იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი და საინტერესო სახეები, რათა მათზე უფრო მეტი გავიგოთ, თუ რა ახსოვთ პირველი ექვსი კლასის პროგრამიდან.
„შემეცნებითობის გარდა, გადაცემა ძალიან სახალისოა. გადაღების დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რაღაცნაირი ატმოსფეროა, რომელსაც საოცრად გამორჩეული ადამიანები, ბავშვები ქმნიან“– განაცხადა გადაცემის წამყვანმა.
პირველი გადაცემა პირველი არხის ეთერში 28 თებერვალს,20:00 საათზე გავა. შემდეგ კი – ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.