ხანძრით დაზარალებულ ჟირონდის რეგიონში ჩასულ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი მცხოვრებლები პროტესტითა და შეძახილებით დახვდნენ

23:44, 17.08.2026

საფრანგეთში, სადაც ტყის ხანძრებმა ასობით სახლი გაანადგურა, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დაზარალებულებმა გააკრიტიკეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდის რეგიონში, ქალაქ ლე-პორჟში ჩავიდა, სადაც ხანძრის შედეგად 183 სახლი დაიწვა. ლეკორნუს ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტითა და შეძახილებით დახვდა.

დაზარალებული მოსახლეობის ჯგუფის ორგანიზატორმა, ლუდივინ დორინიაკმა ლეკორნუ შეხვედრისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.

„ჩვენს გზაზე სპეცდანიშნულების პოლიციის კორდონები დაგვხვდა, რომლებიც გზას გვიკეტავდნენ“, – განაცხადა დორინიაკმა.

დაზარალებულები ხელისუფლებისგან ხანძრის მართვასთან დაკავშირებით პასუხებსა და გამჭვირვალობას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მათ სურთ, იცოდნენ, რატომ დატოვა ყველა მეხანძრემ ტერიტორია და რატომ იყვნენ ადგილზე მხოლოდ მოხალისეები.

ლეკორნუმ განაცხადა, რომ ჟირონდისა და ლანდის რეგიონებს ჯამში 12 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გადასცემენ. აქედან ათი მილიონი ჟირონდს, ხოლო ორი მილიონი ლანდს გადაეცემა. მისი თქმით, თანხა ადგილობრივ ხელისუფლებებს აღდგენითი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებაში დაეხმარება. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად განადგურებული სახლების აღსადგენად შესაბამისი სამშენებლო ნებართვები ერთი თვის განმავლობაში გაიცემა.

ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ბელგიაში მეხანძრეები ქვეყნის უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ბელგიას ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდანაც ეხმარებიან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ფართობი ერთ დღეში ორჯერ გაიზარდა და ის ბელგიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძრად ითვლება.

საბერძნეთში ბოლო 24 საათში 41 ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელთაგან სამთან ბრძოლა კვლავ გრძელდება. კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ესპანეთში, არაგონის რეგიონში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პორტუგალიის საზღვართან კი ცეცხლი კვლავ ვრცელდება. ევროკომისიის ინფორმაციით, ესპანეთის დასახმარებლად საფრანგეთმა 104 მეხანძრე და 36 სპეციალური მანქანა გაგზავნა. არაგონში ხანძრებმა უკვე თითქმის 16 ათასი ჰექტარი გაანადგურა.

ტყის ხანძარს ებრძვიან ხორვატიაშიც. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. მათ ქალაქ ზადარში, ათ სხვადასხვა ადგილას ხანძრის განზრახ გაჩენაში ედებათ ბრალი.

ქვეყნის სანაპიროზე პარასკევს ღამით გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ხანძრის გამო დაახლოებით 1 200 ადგილობრივისა და ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხორვატიის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, სლავკო ტუკაკოვიჩმა ხანძარს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უწოდა.

მსგავსი