„ხალხის ძალა“ - ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ქართულ თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება
„ხალხის ძალა“ - ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ქართულ თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება

ნატო-ს წესდების, განსაკუთრებით, მეხუთე მუხლის ქართული თარგმანი მიზანმიმართულად არის გაყალბებული. ორიგინალისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში ამოღებულია მთავარი ნაწილი, სადაც საუბარია სამხედრო ძალის გამოყენებაზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში განმარტავენ, რომ თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, ქართულ ვერსიაში ისეა წარმოჩენილი, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო დაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან. „ხალხის ძალის“ განცხადებით, უსაფრთხოების მთავარ იარაღად შერაცხული მეხუთე მუხლი სულაც არ არის უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი.

„ვიტყვით იმას, რაც აქამდე დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ მაინც ვცდილობდით, ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორებისათვის“ როგორმე სახე შეგვენარჩუნებინა. საქმე ეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ნატო-ს და მის მეხუთე მუხლს. რაც შეეხება უშუალოდ მეხუთე მუხლს, კითხვაზე, არის თუ არა ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია, პირდაპირ გიპასუხებთ, რომ – არა. აქამდე ქართულ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ წევრობის შემთხვევაში მესამე ქვეყნის მხრიდან სამხედრო აგრესია მომენტალურად გამოიწვევდა ამერიკული ჯარის ჩართვას კონფლიქტში და უპირობო, გარანტირებულ თავდაცვას. ვნახოთ, გავაანალიზოთ, რა წერია ალიანსის მეხუთე მუხლში: „ალიანსზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ხოლო ამ დანარჩენ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ, და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“ (იხილეთ დამადასტურებელი ბმული).

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე გადარჩენის და უსაფრთხოების მთავარ იარაღად შერაცხული მეხუთე მუხლი სულაც არ არის უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. უფრო მეტიც, ეს მანიპულაციური ჩანაწერი ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას აძლევს სრულ უფლებას, იხელმძღვანელონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და, მათივე წესდებით, თავი აარიდონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ნატო-ს წესდების, განსაკუთრებით, მეხუთე მუხლის ქართული თარგმანი მიზანმიმართულად არის გაყალბებული. ორიგინალისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში ამოღებულია მთავარი ნაწილი, სადაც საუბარია სამხედრო ძალის გამოყენებაზე. თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ქართულ ვერსიაში ისეა წარმოჩენილი, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო დაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან (იხილეთ დამადასტურებელი ბმული).

ჩნდება კითხვა, ვის და რაში დასჭირდა, წლების განმავლობაში ეწარმოებინა სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდა და დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ ნატო-ს წევრობა აპრიორი ნიშნავს უსაფრთხოებას და გარანტირებულ სიმშვიდეს, ან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში – უპირობო დაცვას? პასუხი მარტივია – წლების განმავლობაში ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხს გლობალური ომის პარტია ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. და რადგან მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხეს და საზოგადოება დააჯერეს, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ამ გაერთიანებებში გაწევრებაა, ამ ინსტრუმენტს ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის მანიპულირებისათვის ასევე მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებდნენ“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.