საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა, თუმცა სიხარული, შესაძლოა, ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
როგორც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული, ელჩი რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში, მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი – ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის ხელისუფლებაში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები შესუსტდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაზეც დადებითად აისახა. 2016-20 წლები იყო გამონაკლისი, როდესაც ამერიკის ჩართულობით მსოფლიოში ომები არ მომხდარა და ამერიკისთვის საინტერესო (განსაკუთრებით, ნავთობით მდიდარ) ქვეყნებში რევოლუციური პროცესები შეჩერდა. თუმცა ტრამპის მარცხის შემდეგ „გლობალურმა ომის პარტიამ“ ამერიკის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა დაიბრუნა და მსოფლიოც კიდევ ერთხელ საფუძვლიანად აირია. იმედი გვაქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში რესპუბლიკელები მოიგებენ, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააბრუნებს.
საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. იმავე პერიოდში ჩაანაცვლა კელი დეგნანმა კარლ ჰარცელი „გლობალური ომის პარტიის“ ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მათ უწოდეს ოპოზიციის საბოტაჟს „პოლიტიკური კრიზისი“ და „ქართული ოცნება“ აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებულიყო და ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების რისკის წინაშე დაეყენებინა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზი არა ერთი, არამედ ორი ქვეყნიდან უნდა გაშლილიყო.
თუმცა, „გლობალურ ომის პარტიას“ ყველა რევოლუციური გეგმა ჩაეშალა: არჩევნების გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ დადეს და პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება იქით გაუმჟღავნდათ, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები სწორად წაიყვანა და „ნაცმოძრაობას“ ცესკო, სასამართლო და პროკურატურა არ ჩააბარა, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით საქართველოში შემოპარებული სააკაშვილი ქართველმა ძალოვნებმა დაიჭირეს და, საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერიც დიდი სხვაობით გადალახა.
რევოლუციური გეგმა შარშან, ივნისშიც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიო გმირად გამოცხადებულ ზელენსკის საქართველოდან ელჩი გააწვევინეს, ხოლო შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ათქმევინეს.
იმ პირობებში, რომ ვერც ხელისუფლება შეცვალა და ომზე ვერც მოქმედი ხელისუფლება დაითანხმა, ბუნებრივია, გლობალური ომის პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ორი ფრონტის სცენარის ჩაშლისთვის ხელისუფლებაზე შური იძიოს და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს.
საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა. თუმცა სიხარული, შესაძლოა, ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს. ორივე მათგანი ვიტორია ნულანდის კადრია, ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც. თავის დროზე ნულანდი იყო სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა. თავად მომავალი ელჩი – რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი ამსრულებლები არიან. რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, ალან პარსელს, ის „მაიდნის“ დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს.
რევოლუციური გეგმის ადგილობრივი სუბიექტები უკვე გამოკვეთილია: უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ რადიკალური ოპოზიციური პარტიები – „ნაცმოძრაობა-ვაშაძე“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-დროა“, გახარიას და ლომჯარიას პარტიები; სალომე ზურაბიშვილი; სამი პარტიული ტელევიზია; ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, განსაკუთრებით – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“; ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და სხვ. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც.
აგენტების შესახებ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ექსტრემისტული პარტიების, ტელევიზიების, „ენჯეოებისა“და სხვა დაჯგუფებების საქმიანობა თავიდან ბოლომდე ამერიკული წყაროებიდან ფინანსდება. დაფინანსების ამერიკული წყაროა კეზერაშვილიც, რომელიც „გლობალურ ომის პარტიას“ ერთდროულად ორ საქმეს უკეთებს – საქართველოში რევოლუციას აფინანსებს და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, რითიც ისედაც დასუსტებულ ევროპას დამატებით პრობლემებს უქმნის.
გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება, შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის „ნარატივი“, ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით აორგანიზებ აქციებს და დაუმორჩილებლობას“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წევრები.