ხადას ხეობაში მკვლელობის საქმის პროკურორი - არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდეს, რადგან დევნილია
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე.
„შესაძლოა, ბრალდებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადავიდეს და იქ მიიმალოს, რადგან დევნილია”, – აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, რაიან და ლორა სმიტებმა მალხაზ კობაურს სთხოვეს, ეჩვენებინა ჩანჩქერი.
„კობაური დათანხმდა და გაყვა მათ. ერთ-ერთი შეჩერებისას რაიან სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. კობაურმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა რაიან სმიტს ზურგის არეში. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა ლორა სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაც. მან თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა საბრძოლო ვაზნები. ლორა სმიტი გაიქცა თავის გადასარჩენად, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მალხაზ კობაურმა თოფით, თავის არეში ესროლა მცირეწლოვან ბავშვს, ის ადგილზევე გარდაიცვალა. შემდეგ რაიან სმიტის ცხედარი გადააგდო მდინარეში, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი სხვა ნივთებთან ერთად გადააგდო თოვლის ზვავის შედეგად ბუნებრივად წარმოშობილ ქვაბულში. ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა დატოვა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის იარაღი – თოფი გადამალა დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში”, – განაცხდა პროკურორმა.
19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა. ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.