კერძო სექტორს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, გამოაცხადებს თუ არა პირველიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებს
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი.
ამასთან, ღიბრაძის თქმით, კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმედ გამოაცხადოს პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი.
„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმედ გამოაცხადოს პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.