კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების ჯიბიდან მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას შესთავაზებენ
საქართველოში მოქმედი კერძო სადაზღვევო კომპანიები საქართველოს მთავრობის ინიციატივას ეხმიანებიან, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ეხება.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი დადებითად აფასებენ ღონისძიებებს, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, თუმცა მათი აზრით, ეს არაა საკმარისი.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ წამლებზე ჯიბიდან გადახდების რადიკალურად შემცირება შესაძლებელია.
მათივე ინფორმაციით, მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. სადაზღვევო ასოციაციაში განმარტავენ, რომ კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ორჯერ შემცირებაა შესაძლებელი
სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ წამლებზე დანახარჯების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯიბიდან გადახდება დაფინანსების ინსტიტუციურ სქემებში გადაინაცვლებს.
„მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლო გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გაიდლაინი და არ დაინიშნოს უსარგებლო ან ზოგ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე ან უსარგებლო მედიკამენტი. კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით, წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში საშუალოდ 60-70 ლარს არ აღემატება, რაც ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. ეს შედეგია უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, დანერგილია ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ, როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი – 240 ლარზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არამხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტურად მოიხმარს“, – აღნიშნავენ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში.
პირველ ეტაპზე კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები რომელიც:
ა) დააფინანსებს მედიკამენტებს, რაც არ იფარება საყოველთაო პროგრამით;
ბ) დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებს (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკად );
გ) დააფინანსოს ჰოსპიტალური მომსახურება სრულად – შეუვსოს დანაკლისი ბენეფიციარს (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას);
დ) დააფინანსოს სტომატოლოგია (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).
მათივე ინფორმაციით, დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40 პროცენტისათვის, რაც სადაზღვევო სექტორის ცნობით, 1,5 მილიონი ადამიანია. შესაბამისად, ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება, შეიმსუბუქონ ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით.
სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე მკვეთრად დაიკლებს.
მთავრობისადმი ახალი შეთავაზების შესახებ სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები დღეს, 11:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ.