კენიაში სასტუმროზე თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს გადარჩენილი ამერიკელიც არის
კენიაში სასტუმროზე თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს გადარჩენილი ამერიკელია. ბიზნესმენ ჯეისონ სპინდლერს აფრიკული სახელმწიფოს დედაქალაქში საკუთარი კომპანია ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში კენიაში მოღვაწეობდა.
როგორც გარდაცვლილის ძმამ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს, ჯეისონ სპინდლერი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ჯეისონ სპინდლერი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო მრავალ ჰუმანიტარულ მისიაშიც იყო ჩართული. აფრიკასთან ერთად, ის სამხრეთ ამერიკაშიც მოღვაწეობდა.
კენიის დედაქალაქ ნაირობის ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმა 16 იანვარს მოხდა. ალ-შაბააბის მებრძოლების შეტევის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც.