კენჭისყრის შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი, რიში სუნაკი და ლიზ ტრასი დარჩნენ
კენჭისყრის შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი დარჩა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მეხუთე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებიდან სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი გამოირიცხა, რომელმაც ყველაზე ნაკლები – 105 ხმა დააგროვა, ლიზ ტრასს 113-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რიში სუნაკს კი – 137-მა.
ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 22 ივლისიდან პარტიის ახალი ლიდერის არჩევაში დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.
25 ივლისს კი, დარჩენილ ორ კანდიდატს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართება.