კელი დეგნანმა შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობასა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებით, შალვა პაპუაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება იყო.
როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
„მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და გვესაუბრა მის პრიორიტეტებზე და ხედვებზე, სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ასევე, მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ასევე განგვეხილა პრიორიტეტული საკითხები. როგორც გვითხრეს შეხვედრაზე, დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება. ასევე, განვიხილეთ უკრაინის საკითხი, დაძაბულობა და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომ ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია მოახდინოს და ასევე ვისაუბრეთ ძალის გამოყენების საფრთხეზე. ცხადია, ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმ კუთხით, რომ დავიცვათ ის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპები, რაზეც უკვე 30 წელზე მეტია, მშვიდობიანად დგას ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა დეგნანმა.
ამასთან, როგორ დეგნანმა აღნიშნა, მომავალ სესიაზე დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც.
„განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის მომავალ საკნონმდებლო სესიაზე დაგეგმილი მმართველი პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხები. მოხარული ვარ, რომ დღის წესრიგში დგას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის, იმუშაონ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორც საგარეო მიმართულებით, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან აგრესიაზე, ასევე შიდა საკითხების გადაჭრის კუთხით, იქნება ეს ეკონომიკის აღდგენა, კორონავირუსთან ბრძოლა, თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემა. აშშ საელჩო ამაყობს, რომ თანამშრომლობს საქართველოსთან სხვადასხვა საკითხში, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, განათლება, ეკონომიკის აღდგენა და კორონავირუსთან ბრძოლა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.