კელი დეგნანი - ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან
ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.
ელჩი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
მისი თქმით, საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია.
„ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს საამაყო.
„საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა. ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს“, – აღნიშნა ახალმა ელჩმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ელჩობა მიზანდ არ დაუსახავს, თუმცა როგორც დეგნანი ამბობს, როცა გჯერა იმის, რასაც აკეთებ, საოცარი ამბებიც ხდება. ელჩმა ღონისძიებაზე დამსწრეებს მოუწოდა, ბევრი იმუშაონ იმისთვის, რისიც სწამთ.
„დავასრულებ პირადი ნოტით. მე არ დამისახავს მიზნად, რომ ელჩი გავმხდარიყავი, მაგრამ, როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, როდესაც გჯერა იმისი, რასაც აკეთებ და იმ ადამიანების, რომლებთან მუშაობის პატივი გხვდება წილად, ზოგჯერ გასაოცარი ამბებიც ხდება.
აქ მყოფი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების, განსაკუთრებით ქალების გასაგონად ვიტყვი, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რისიც გწამთ და იყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისა: გულწრფელობის, პატიოსნების და ქვეყნის მსახურების. ეს გაგაძლიერებთ. ეს არის ის, რამაც გახადა ამერიკა ძლიერი და რითიც გაგრძელდება ამერიკის ლიდერობის აღმავლობა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.