კელი დეგნანი - ვამაყობთ საქართველოს თავდაცვის ძალების მიღწევებით, ბევრს ვმუშაობთ, რათა გახდეს ძლიერი, გამძლე ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის საზღვრების დაცვა
ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო რამდენიმე ათწლეულში მიაღწიეს და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა გახდეს ძლიერი, გამძლე ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს საზღვრების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო, რომელსაც საქართველო და აშშ აკეთებენ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, უკვე მრავალი წელია, დადასტურდა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალების ძლიერების თვალსაზრისით.
ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ორპარტიული მხარდაჭერის ნიშანია.
„მხარდაჭერის აქტი მოითხოვს აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდას. განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების, საქართველოს თავდაცვის ძალების გამძლეობისა და წინააღმდეგობის გაწევის მიმართულებით. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედეგობის კუთხით გეგმა და სიმტკიცის შესაძლებლობები თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ეს არის ის, რაზეც საქართველოს თავდაცვის ძალები, საქართველოს ეროვნული გვარდია, სანაპირო დაცვა, საზღვაო პატრული მუშაობდნენ და მუშაობენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეერთებული შტატების მხარდაჭერით.
ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების იუბილეს და უკეთეს გზას ვერ მოვიფიქრებ აღსანიშნავად, ვიდრე „საქართველოს მხარდამჭერის აქტის“ მიღების გზაა. მასში შედის მნიშვნელოვანი შეხსენებები კონგრესმენების მხრიდან ვაშინგტონში, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო იყოს ისეთივე ძლიერი, როგორიც შეიძლება, რომ იყოს და მზად იყოს მისი საზღვრების თავდასაცავად. ეს მოიცავს დემოკრატიულ, სასამართლო რეფორმებს, საპარლამენტო ზედამხედველობას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, ქმედუნარიანი საქართველოსთვის. ამას ასევე მოითხოვს „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“. თუ საქართველო ამ რეფორმების ერთგულია, მაშინ ეს არის ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.