კელი დეგნანი - საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას
კელი დეგნანი - საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას, ეს არის დიდი პატივი და ამავდროულად, ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სამყაროში და უკვე 10 წელზე მეტია, აშშ პარტნიორობას უწევს ქართულ გამომცემლებს და აკადემიურ ინსტიტუტებს წიგნების ქართულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ აშშ-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს უნიკალური, უძველესი ლიტერატურული ისტორიის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ძალისხმევას 300-ზე მეტი ისტორიული ხელნაწერის გაციფრულებაში, რომლებიც XI-XVI საუკუნეებით თარიღდება. ასევე დავეხმარეთ ეროვნულ მუზეუმს 8 ისტორიული ხელნაწერის შენარჩუნების დაცვის საქმეში და ეს ხელნაწერები სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ეს ხელნაწერები მეტყველებს საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაზე, რომლის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ევროპულთან იყო ინტეგრირებული. აშშ მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სამყაროში და უკვე 10 წელზე მეტია, აშშ პარტნიორობას უწევს ქართულ გამომცემლებს და აკადემიურ ინსტიტუტებს წიგნების ქართულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში. ჩვენი პროგრამის მეშვეობით დაახლოებით 150 წიგნი ითარგმნა, მათ შორის ისეთი სახელგანთქმული ამერიკელი ავტორებისა, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, მაია ანჯელუ, ტრუმენ კაპოტე, გერტრუდ სტაინი, კურტ ვონეგუტი და ბევრი სხვა. ბოლო პერიოდში ასევე დავიწყეთ ცნობილი საბავშვო წიგნების თარგმნა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი თარგმანების 1/3 წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომებს, რომლებსაც ასწავლიან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, და ეს წიგნები ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის წვდომას კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე – ხელოვნებით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ და მუნიციპალურმა ბიბლიოთეკებმა დაგეგმეს არაჩვეულებრივი წელი ამ ღონისძიებების აღსანიშნავად.

„გუშინ მარნეულში გავხსენით მეცხრე ამერიკული კუთხე. ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას და ხელს შევუწყობთ წიგნის კითხვას. როგორც წიგნის მოყვარული, ვიცი რა არის წიგნის ძალა – იდეებისა და ცოდნის გაზიარება, ახალ სამყაროში მოგზაურობა, ახალი პერსპექტივები და თვალსაწიერის გაფართოება, თუმცა ასევე ვიცი, როგორც გამომცემელ ავტორთან მცხოვრებმა ადამიანმა, რამდენად შრომატევადია იდეის წიგნად გადაქცევა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი