კელი დეგნანი - საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართული არჩევნებისას არაერთხელ ვნახეთ 
კელი დეგნანი - საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართული არჩევნებისას არაერთხელ ვნახეთ 

საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართული არჩევნებისას არაერთხელ ვნახეთ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ქვეყანას დაეხმარება უკეთესი არჩევნები ჩაატაროს.

„საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველზე ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ყველა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში არაერთხელ ვნახეთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ცხადია იქნება წინგადადგმული დადებითი ნაბიჯი, ხოლო შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ წესების ამოქმედება. ყველა ეს ტექნიკური ზომა დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, დაეხმარება ქვეყანას წინ გადადგას ნაბიჯი და წინაზე უკეთესი არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა დეგნანმა.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.