კელი დეგნანი - პორტების განვითარება არის განუყოფელი ნაწილი ქვეყნის პოტენციალის რეალიზების, გადაიქცეს რეგიონული ტრანსპორტის ჰაბად, ამ მიმართულებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიხილოთ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა კითხვაზე, რომელიც ფოთისა და ბათუმის პორტებს და ამ მიმართულებით ამერიკულ ინტერესს ეხებოდა.
მისი შეფასებით, საქართველოში პორტების განვითარება არის განუყოფელი ნაწილი ქვეყნის პოტენციალის რეალიზების, გადაიქცეს რეგიონული ტრანსპორტის ჰაბად.
„პანდემიის პირობებში ჩვენ დავინახეთ, რაოდენ საჭიროა და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროდუქციის მიწოდების, გადაზიდვის გამტარუნარიანობა, კომერციული საქმიანობის გაგრძელება და შესაბამისად, პორტების განვითარება საქართველოში არის ასევე განუყოფელი ნაწილი ქვეყნის პოტენციალის რეალიზებისა, გადაიქცეს რეგიონული ტრანსპორტის ჰაბად. ამ მიმართულებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს. ამ პერიოდში ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, შემდგომი განვითარებისთვის ფოთის პორტს სესხის სახით პირველი ტრანში გადაერიცხა. თუმცა, აქ სხვა საკითხზეც უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის შეფასებით, ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა.
„იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო ხელსაყრელი გარემო ინვესტიციებისთვის, აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა, რადგან როცა ინვესტორი მოდის ქვეყანაში, მას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ სასამართლო სისტემა არის სანდო და მისი დავა იქნება გადაწყვეტილი დროულად, კანონის წინაშე თანასწორად და სწორედ ამიტომ აშშ წლების განმავლობაში მხარს უჭერ საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას, რომლის შიგნითაც ბევრი პროფესიონალია და შესაბამისად, აღნიშნული სანდო გამჭვირვალე სასამართლო სისტემა იქნება მეტი გარანტი, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიციები შემოვა“, – განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.