კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ ევროპული მომავლის გარშემო
ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, ძალა, გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანს კითხვა დაუსვეს, ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების რა შანსები აქვს საქართველოს მომავალ ზამთარს.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ერთად უნდა იმუშაოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის.
„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი. რამდენადაც შეგვიძლია, სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ევროპულმა კომისიამ ორიოდე კვირის წინ ცხადყო, რომ თორმეტი რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია, კარგი ნამუშევარია, მაგრამ კიდევ ცხრაა, რომელსაც ახლა ფოკუსირება სჭირდება. საჭიროა, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რომელსაც აქვს ინტერესი ამ სფეროებში, ერთად იმუშაოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ეს არის, რაც საჭიროა, რაც უნდა დავინახოთ დარჩენილ თვეებში – საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება, გაერთიანდნენ ამ ქვეყნის, ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ელჩმა.