კელი დეგნანი - სასარგებლოა, როცა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია შეუძლიათ
საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის კომუნიკაციის არხი წლებია, არსებობს, ის მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს და იმედია, ასეც გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობებისთვის ქმედებების კოორდინაციისთვის,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, როდესაც ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ ქვეყნის ლიდერებთან კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე კომუნიკაცია.
დეგნანის განმარტებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იყო არჩევნების საკითხიც და არსებობს მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და წინაზე უკეთესი იქნება.
„ჩვენ საელჩო აქ მთავრობას წარმოვადგენთ, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, როდესაც ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, ეკონომიკის აღდგენა და „კოვიდ-19“, ასევე იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს საქართველის ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა. ცხადია, არჩევნები განხილული იყო. არჩევნებისადმი ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება თავუსუფალი, სამართლიანი და წინაზე უკეთესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.