საქართველოს პრემიერსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-სა და საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ განზომილებებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს.

დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.