კელი დეგნანი - ხალხს ახლა სჭირდება, დაინახოს, რომ ჰყავს ადმინისტრაცია, რომლის მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი არჩევნების ჩატარებისას ნდობას იმსახურებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია.
კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა შერჩევის პროცესი და როგორი მოლოდინებია სანდოობის მხრივ, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „უფრო მნიშვნელოვანია, თავად ქართული საზოგადოება რას ფიქრობს“.
„პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართველ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია, რომ ხალხი, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს, იქნებიან მიუკერძოებლები და პროფესიონალები არჩევნების ჩატარებისას.
თვალსაჩინოა, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნები იყო სადავო. ხალხს ახლა სჭირდება, დაინახოს, რომ ჰყავს ადმინისტრაცია, რომლის მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი არჩევნების ჩატარებისას ნდობას იმსახურებს. ვიმედოვნებ, ეს იქნება ამ პროცესის შედეგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის თენგიზ თევზაძის კანდიდატურები გადაუგზავნა. თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან ერთად, პარლამენტს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატურა წარუდგინა.