პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურები გადაუგზავნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურები გადაუგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის თენგიზ თევზაძის კანდიდატურები გადაუგზავნა. თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან ერთად, პარლამენტს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პროცედურების მიხდვით, კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, რის შემდეგაც დეპუტატები ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით აირჩევენ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა, ამ შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ ექვსი თვით დაიკავებს.

ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ცესკო-ს წევრების შერჩევაზეც. ცესკო-ს თავმჯდომარეობის სურვილი თავდაპირველად ოთხმა კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა, თენგიზ თევზაძემ, თამაზ ფოლადაშვილმა და გიორგი შაიშმელაშვილმა გამოთქვეს, ხოლო წევრობის შესახებ განაცხადი შვიდ კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი.

კანდიდატებს თავდაპირველად პრეზიდენტის განკარგულებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია გაესაუბრა, რის შემდეგაც კომისიამ პრეზიდენტთან რეკომენდაცია თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს – გიორგი კალანდარიშვილს, თენგიზ თევზაძესა და თამაზ ფოლადაშვილს, ხოლო წევრობის ოთხ კანდიდატს ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს გაუწია.